ამინდის პროგნოზი

"ჩვენ დავამტკიცეთ ძალიან მოკლე დროში, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ქვეყნის მართვა რეპრესიების და ტერორის გარეშე"

 
04 September, 2016   4 წელი 3 კვირის წინ
 
421

ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ლაგოდეხის მოსახლეობას სიტყვით მიმართა  და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა თითოეულ ადამიანს დაუბრუნა ყველაზე მთავარი - ღირსება და თავისუფლება. 

"ძალიან მიხარია, რომ ამდენი გულანთებული თანამოაზრე შევიკრიბეთ დღეს. ჩვენ 4 წლის განმავლობაში, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, მოვახერხეთ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თითოეულ ადამიანს დავუბრუნეთ  ღირსება, თავისუფლება. მე მეამაყება ნამდვილად, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის თავისუფალი, დღეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს არ დევნიან. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანები არ იდევნებიან, არ აშანტაჟებენ მათ. 

ჩვენ დავამტკიცეთ ძალიან მოკლე დროში, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ქვეყნის მართვა რეპრესიების გარეშე, ტერორის გარეშე, ადამიანების ჩაგვრის გარეშე და ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება ისეთი მთავრობები, ხელისუფლებები, რომლებიც შეურაცხყოფას მიაყენებენ თავიანთ მოქალაქეებს, გათელავენ მათ ღირსებას. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ადამიანი, ადამიანის კეთილდღეობა, ყველა ჩვენი გადადგმული ნაბიჯი არის განპირობებული თქვენი სიყვარულით, ჩვენი მოქალაქეების, სამშობლოს სიყვარულით“,-განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. 

"შეიძლება ამ 4 წლის განმავლობაში შეცდომები იყო, ამისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. 4 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნის მშენებლობას. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი, პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, გვყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი ლიდერი, რომელიც არის საქმეზე, ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული. მე დარწმუნებული ვარ თქვენი თანადგომით, ჩვენი ერთსულოვნებით აუცილებლად გავიმარჯვებთ, და ეს იქნება გამარჯვება არა მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, არამედ სრულიად საქართველოსი, ეს იქნება იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც ჩვენ 2012 წლის 1 ოქტომბერს ყველამ ერთად დავიწყეთ“,-აღნიშნა კახა კალაძემ.