ამინდის პროგნოზი

ძლიერი წვიმისა და ქარის შემდეგ ლაგოდეხის რაიონში მძიმე ვითარებაა

 
14 September, 2016   4 წელი 1 კვირის წინ
 
953

ძლიერი წვიმისა და ქარის შემდეგ ლაგოდეხის რაიონში მძიმე ვითარებაა. წაქცეულია ხეები, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

სოფელ ათენში არსებულ პირველ საჯარო სკოლას ხე დაეცა. იმ დროისთვის შენობაში არავინ იმყოფებოდა. 

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო ათობით საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. 

ადგილობრივების ნაწილს ღამის გასათევი არ აქვს და დახმარებას ითხოვს. სტიქიის ზონაში მუშაობენ სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. 

რაიონის გამგებლის კახა ჯამბურიას თქმით, ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. კომისია დილიდან დაიწყებს მუშაობას. 

რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ჯამბურია განმარტავს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში არის სახსრები, საჭიროების შემთხვევაში კი, დახმარებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს. 

ამ დროისთვის რეგიონში აღარ წვიმს. დილიდან სტიქიის ზონაში ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენისათვის სარემონტო სამუშაოები განახლდება.