ამინდის პროგნოზი

კახეთში ღვინის კომპანიებს ყურძენი 9 ათასმა მევენახემ ჩააბარა

 
21 September, 2016   4 წელი 1 კვირის წინ
 
361

21 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში რთველის პროცესში გადამუშავდა  56 ათასი ტონა ყურძენი. ღვინის კომპანიებს ყურძენი 9 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 48,7  მლნ ლარი შეადგინა.

კახეთის რეგიონში ამ ეტაპისთვის გახსნილი ღვინის ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს - განვლილ დღე-ღამეში გადამუშავდა 6 136 ტონა. სულ გადამუშავებულია 28,2 ათასი ტონა რქაწითელი, 24 ათასი ტონა საფერავი,  2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 20,1 ათასი ტონა, ყვარელი - 13,6  ათასი ტონა, თელავი - 12,3 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,5 ათასი ტონა, ლაგოდეხი -  1080 ტონა, საგარეჯო -  622 ტონა და ახმეტა -  562 ტონა.  
ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 62 ღვინის კომპანია, მათ შორის, 13 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა:

კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი;

საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic  და http://rtveli2016.gov.ge/statistic