ამინდის პროგნოზი

12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 19,81% შეადგინა

 
08 October, 2016   3 წელი 11 თვის წინ
 
509

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცსკ-ის სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა წარუდგინა. მოცემული დროისთვის საარჩევნო უბნებზე აქტივობამ 19,81 % (695 948 ამომრჩეველი) შეადგინა. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, კენჭისყრის პროცესი საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ცსკ-ის სპიკერმა მედიას, ასევე მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული პროცედურული ხარვეზების შესახებ:

„დიდუბის №14-ე საარჩვენო უბანზე რამდენიმე პროცედურული ხასიათის ხარვეზი დაფიქსირდა. კომისია ამასთან დაკავშირებით დაწერს ახსნა-განმარტებას და კანონმდებლობის თანხმად, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულზე იმსჯელებს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია და მოახდენს რეაგირებას;

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დიდუბის №8 საარჩევნო უბანზე არ იყო ჩანაწერთა წიგნი. თუმცა, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთ უბანზე ბიულეტენში არ იყო აღნიშნული ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატი;  სავარაუდოდ,  როდესაც სტამბაში მოხდა ბიულეტენების ბლოკნოტებად აკინძვა დაფიქსირდა შეცდომა და ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები. ასეთი იყო სულ 2 ბლოკნოტი. აღნიშნული ხარვეზი ამ ეტაპზე გამოსწორებულია, თუმცა იმ ბიულეტენების შესახებ, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და გამოიყენეს ლაგოდეხში, კომისია იმსჯელებს და მიიღებს კანონით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის საარჩევნო ოლქის №21, №58, №59, №60 და №61-ე უბნებზე დამკვირვებლებს დაკვირვების უფლება შეეზღუდათ. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანა მიქელაძემ.

მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 15:30 სთ-ზე გაიმართება.