ამინდის პროგნოზი

საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა

 
04 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
449

4-6 მაისს საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის ვიზიტი იგეგმება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში 5 მაისს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან ევროკომისრის შეხვედრები გაიმართება.

შეხვედრებზე მხარეების მიერ განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მიმდინარე პრიორიტეტები, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ქვეყანაში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები. ევროკომისრის ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია აგრეთვე 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი ,,აღმოსალეთ პარტნიორობის''  სამიტისთვის საქართველოს მოლოდინებზე და ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდის გზებზე მსჯელობა.

ევროკომისრის იოჰანეს ჰანის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია 32 მილიონი ევროს საფინანსო შეთანხმების („ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი" Technical Cooperation Facility – TCF) ხელმოწერა, რომელიც ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.