ამინდის პროგნოზი

"მითხრა, რომ პატიმრებს ჩემ თვალწინ აწამებდა, მერე გააუპატიურებდა და შემდეგ მათთან ერთად მე ჩამსვამდა საკანში"

 
04 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
1655

გლდანის ციხის რეჟიმის უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი მემუქრებოდა, რომ თუ არ ვაღიარებდი "დანაშაულს", ჩემს თვალწინ გააუპატიურებდნენ პატიმრებს და მერე მათთან ჩამსვამდნენ საკანში, - ამის შესახებ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ფოტორეპორტიორმა გია აბდალაძემ დღეს სასამართლოში, დაკითხვამდე განაცხადა.

"გრიგოლ ყაჭეიშვილმა გამიყვანა საკნიდან, შემიყვანა ე.წ. მოსაცდელ ოთახში, სადაც იმყოფებოდა დაახლოებით 10-15 ადამიანი და მითხრა, რომ შენ უნდა დამიწერო განცხადება იმის თაობაზე, რომ შიმშილობა შეწყვიტეო, რაზეც უარი ვუთხარი. მითხრა, რომ პატიმრებს ჩემ თვალწინ აწამებდა, მერე გააუპატიურებდა და შემდეგ მათთან ერთად მე ჩამსვამდა, შენ ხელით არ შეგეხებითო, პირობებს შეგიქმნით ისეთს, რომ ჯოჯოხეთი გექნებაო", - განაცხადა აბდალაძემ.

აბდალაძემ ასევე ზურაბ ქურციკიძის შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, თავის ჩამოხრობას აპირებდა, თუმცა გადააფიქრებინა.

გია აბდალაძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით იკითხება.

ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე ნათია და ირაკლი გედენიძეები, ასევე ზურაბ ქურციკიძე უკვე დაიკითხნენ. 

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი ​ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წელს დააკავა. საუბარია 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი ფოტოგრაფის - ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათია გედენიძეებისა და გია აბდალაძის დაკავების საქმეზე. ფოტოგრაფები მოგვიანებით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.