ამინდის პროგნოზი

"რუსთავის მერიასთან ძირითად საკითხებზე ვერ შევთანხმდით და თანამდებობის დატოვება გადავწყვიტე"

 
04 May, 2017   3 წელი 6 თვის წინ
 
939

ნანუკა ხუსკივაძე რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლის ფაქტს ადასტურებს.

როგორც ხუსკივაძემ „მოამბეს“ განუცხადა, რუსთავის მერიასთან ძირითად საკითხებზე ვერ შეთანხმდა, რის შემდეგაც თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

"მოამბის“ ინფორმაციით, რუსთავის თეატრის დირექტორის პოსტზე ნანუკა ხუსკივაძემ  მერიას ედმუნდ მინაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისგან უარი მიიღო.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ედმუნდ მინაშვილი, რომელიც სატელეფონო კომენტარში აცხადებს, რომ ძირითად ხედვებსა და საკადრო ცვლილებებზე მერიასთან ვერ შეთანხმდნენ.

ამ დრომდე რუსთავის თეატრის დირექტორის თანამდებობას ზვიად დოლიძე იკავებს. რუსთავის მერია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხელმეორე კონკურსს გამოაცხადებს.

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი 16 მარტს გამოცხადდა. სულ ექვსი კანდიდატი იყო. სარეკომენდაციო საბჭომ არჩევანი ნანუკა ხუსკივაძეზე შეაჩერა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე 5 აპრილს დაინიშნა.