ამინდის პროგნოზი

"კარგი იქნება, თუ პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი მოსახლეობას ერთობლივად გაესაუბრებიან, ცვლილებებს გააცნობენ"

 
04 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
361

საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში მონაწილეობას სთავაზობს.

"საქართველოს პრეზიდენტთან წინადადება გვაქვს და გვინდა, რომ საერთო-სახალხო განხილვების პროცესში მოვიპატიჟოთ. კარგი იქნება, თუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი მოსახლეობას ერთობლივად გაესაუბრებიან, ცვლილებებს გააცნობენ. მითუმეტეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტს ეს პროცესი გარკვეული პერიოდია დაწყებული აქვთ. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ამ პროცესმა რაიმე კონფრონტაციული ხასიათი მიიღოს, პირიქით, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მსჯელობა საგნობრივ დისკუსიაში გადავიდეს და მოსაზრებები ერთმანეთს მედიის მეშვეობით კი არ გავუზიაროთ, არამედ ასეთ შეხვედრებზე და საუბრების დროს. ახლა უფრო გაფანტულია პროცესი, როცა ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს. ყველა ზრდასრული ადამიანი ვართ და იმის უნარი გვაქვს, რომ პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში მონაწილეობის მზადყოფნა გუშინ გამოთქვა. როგორც ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტისგან შეთავაზებას დაელოდებოდა.