ამინდის პროგნოზი

"კანონდება ხმების მითვისება, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობა წინა ხელისუფლებას უპირისპირდებოდა"

 
04 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
382

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა, რომლებთანაც საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ დისკუსია გამართა.

პრეზიდენტმა შეხვედრისას საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამებისას გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების სისტემაზე, პარლამენტის როლზე, საარჩევნო ბარიერზე, საარჩევო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე და პრეზიდენტისა და მთავარსარდლის უფლებების შემცირებაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისათვის განაწილების პრინციპზე, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ბონუსი ეწოდება.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, არჩევნების პროცესში თითოეული მოქალაქის ხმა უნდა იყოს დაცული, ამ პროექტით კი, სხვა პოლიტიკური ჯგუფისათვის მიცემული ხმა გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის კალათში ხვდება, რაც ხმების მითვისების  მექანიზმია.

პრეზიდენტის განცხადებით, ხმების მითვისება, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობა უპირისპირდებოდა წინა ხელისუფლებებს, ხვალ დაკანონდება.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, დღეს ქვეყანაში სუსტი პოლიტიკური პარტიების პირობებში, კონსტიტუციაში 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დატოვება და ამასთან ერთად, საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა, ქართული პოლიტიკური ტრადიციის წინააღმდეგ წასვლაა, რადგან პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ პოლიტიკური ბლოკებია ქართული პოლიტიკური ტრადიციის ნაწილი.

პრეზიდენტის აზრით, პარლამენტი ძლიერი ორპალატიანი პარლამენტის ჩამოყალიბების შემთხვევაში იქნებოდა.

"საუბარია, თითქოს, ორპალატიანი პარლამენტის შექმნას ხელს უშლის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, რაც არანაირ კავშირში არაა რეალობასთან. სრულიად შესაძლებელია, არსებულ ვითარებაში ორპალატიანი პარლამენტი და ის პრობლემა და ტრაგედია, რაც ჩვენ გვჭირს, ეს მოგვარებადია საკანონმდებლო თვალსაზრისით.

ძლიერი პარლამენტი იქნებოდა მაშინ, როდესაც მას ექნებოდა მთავრობაზე კონტროლის მაღალი ხარისხი; ორპალატიანი პარლამენტის შემთხვევაში მაჟორიტარების პრობლემაც მოგვარდებოდა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა იმ დადებით ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც კონსტიტუციის პროექტშია ჩადებული - პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნისა და სოციალური სახელმწიფოს ვალდებულებების გაძლიერების საკითხებზე.