ამინდის პროგნოზი

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი მიეცეს პასუხისგებაში

 
04 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
560

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი მიეცეს პასუხისგებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დღეს, გიორგი აბდალაძის მიერ ნახსენები პირი, რომელიც, მოწმის თქმით,  დაკავებისას მასზე ზეწოლას კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან დავით დევნოზაშვილთან ერთად ახორციელებდა, ბეჟან ფარცვანიაა.

ფარცვანია ბოლოს სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშაობდა, ამჟამად კი - „დინამოს“ ბაზის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ფარცვანიას დაუკავშირდა, თუმცა მან შეკითხვებს არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა.

დღეს, დაზარალებულის სტატუსით დაკითხულმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ სასამართლოში დაკითხვისას აღნიშნა, რომ ამჟამად ბრალდებულ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს, დავით დევნოზაშვილს დაკავებულებთან ციხეში შესვლისას, მუდმივად ახლდა ერთი მამაკაცი, რომელიც მოგვიანებით შეიტყო, რომ „დინამოს“ ბაზაზე მუშაობდა.

„როდესაც გლდანის ციხეში დავით დევნოზაშვილი შემოდიოდა და ჩემზე მუქარას ახორციელებდა, მას კიდევ ერთი პირი ახლდა, რომელიც  ამჟამად „დინამოს“ ბაზის დაცვის უფროსია“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე.   

როგორც აბდალაძემ აღნიშნა, ეს ადამიანი გათავისუფლების შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინა. 

რაც შეეხება დევნოზაშვილის მხრიდან მუქარას, აბდალაძე აცხადებს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენელი მას აღიარებით ჩვენებას სთხოვდა და შვილით ემუქრებოდა.