ამინდის პროგნოზი

"საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი"

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
318

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა ევროკომისარს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

"უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს მოქალაქეებისთვის გახლავთ ყველაზე თვალსაჩინო შედეგი, რომელიც კიდევ სხვა მრავალი წარმატების საწინდარი გახდება მომავალში. ევროკომისრის ვიზიტიც სწორედ იმ მომავალი ნაბიჯების განსაზღვრასა და შეჯერებას ემსახურება, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირთან. შეხვედრისას ევროკომისარს გავუზიარეთ საქართველოს მოლოდინები წელს, 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტთან დაკავშირებით, რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა იყოს მომავლის ხედვაზე ორიენტირებული და ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცებას. პირველ რიგში, ჩვენი საერთო მიზანია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, რაც ჩვენს ქვეყანაში ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებას, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის ამაღლებას ემსახურება. ეს ინტეგრაციის პროცესი და ასოცირების შეთანხმება ქმნის ეკონომიკური ზრდისთვის სრულიად განსხვავებულ, უკეთეს პირობებს და დემოკრატიული პრინციპების შემდგომ განმტკიცებას ემსახურება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ სიკეთეებზე, რაც ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს - მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები და პლურალისტური მედია, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება; ანგარიშვალდებული მთავრობა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მაღალი ხარისხი; ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო; ახალი ინიციატივები რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის; მზარდი ტურისტული პოტენციალი; გაუმჯობესებული და პროფესიული, კვალიფიციური კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს ყოველივე დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც მთავრობისაგან, ასევე საზოგადოების ყველა წევრისაგან. პრემიერმა ფასდაუდებელი უწოდა ევროკავშირის დახმარებას ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში.