ამინდის პროგნოზი

"ეს სკოლა საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდობას, უკვე მომავალი წლის სექტემბრიდან მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება"

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
418

ევროკომისიასთან ერთად, საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნა იგეგმება. იდეა ევროკომისარ იოჰანეს ჰანს ეკუთვნის, რისთვისაც მას პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

"ეს სკოლა საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდობას, უკვე მომავალი წლის სექტემბრიდან მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება. ამით, სკოლა საფუძველს ჩაუყრის მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო კვალიფიციური, პროფესიული კადრების მომზადებას. მოგეხსენებათ, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ევროკავშირში მობილობის კუთხით - სულ უფრო მეტი სტუდენტი-ახალგაზრდა, პროფესორ-მასწავლებელი იყენებს ევროკავშირის საგანმანათლებლო, ახალგაზრდული თუ კულტურული პროგრამებით გახსნილ ახალ შესაძლებლობებს. ევროპული სკოლა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სხვა ქვეყნების ახალგაზრდებისთვისაც იქნება ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების მიმწოდებელი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ევროკომისარ იოჰანეს ჰანს იმ პირადი წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა და შეაქვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პროცესში; ასევე - მთელ მის გუნდს იმ ყოველდღიური ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს უწევენ.

საქართველოსადმი ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავი უწოდა. 

"ნება მომეცით, პირველ რიგში მოგილოცოთ უმნიშვნელოვანესი მიღწევა - ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ძალაში სრულად შესვლა. აღსანიშნავია, რომ ამ დროის მანძილზე უკვე ათი ათასზე მეტმა ქართველმა შეძლო ამ შესაძლებლობის გამოყენება და ევროპაში გამგზავრება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება ჩვენი ჩანაფიქრის შესაბამისად - საშუალებას მისცემს მოსახლეობას, ყოველგვარი გართულების გარეშე იმოგზაუროს ევროპაში. ესაა უდიდესი მიღწევა ადამიანების დაახლოებისა და ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების დამყარების კუთხით", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების განსაკუთრებულ ხასიათს და აღნიშნა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისათვის საქართველომ ძალ-ღონე არ დაიშურა; 

„ის ახორციელებს შესანიშნავ რეფორმებს, რომლებიც დემოკრატიის კონსოლიდაციას, კანონის უზენაესობის გაძლიერებასა და კარგი მმართველობის სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფენ. მინდა ასევე აღვნიშნო საქართველოს მონდომება, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტ შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დახმარებას დაგეგმილი რეფორმების დანერგვის პროცესში. მინისტრ დოლიძესთან დადებული შეთანხმება ამას ადასტურებს. ეს ხელს შეუწყობს ენერგეტიკის, სავაჭრო სისტემის ფასილიტაციის, სახელმწიფო შესყიდვებისა და საბანკო სერვისების ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობაში ყოფნას და დაეხმარება საქართველოს, მონაწილეობა მიიღოს ორ უმნიშვნელოვანეს პროექტში - კრეატიული ევროპა, რომელიც კულტურული და კრეატიული სფეროების განვითარებას უწყობს ხელს და ჰორიზონტი 2020, რომელიც კვლევასა და ინოვაციებზე ფოკუსირდება. ესაა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს", - აღნიშნა ევროკომისარმა. 

იოჰანეს ჰანმა ასევე ისაუბრა საქართველოში ინოვაფციების მიმართულებით არსებულ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ეს პოტენციალი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, რასაც ევროკავშირი ხელს შეუწყობს.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ პრემიერთან შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის პროცესში საზოგადოებისა და ვენეციის კომისიის ჩართულობას.