ამინდის პროგნოზი

შოვში ინვესტორი თანამედროვე გამაჯანსაღებელ ცენტრს ააშენებს

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
441

კურორტ შოვში, ყაზახური ინვესტიციით, თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნა იგეგმება, - ამის შესახებ კომპანია „ევრაზია ინვესტის" გენერალურმა დირექტორმა ტიმირზან მეირამბეკოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა. 

ინვესტორის თქმით, შოვამდე მისასვლელი გზის მშენებლობის დასრულებისა და ამბროლაურის აეროპორტის ამოქმედების შემდეგ, რაჭაში ტურისტების ნაკადი მკვეთრად გაიზარდა, ხოლო შოვის საკურორტო ზონაში გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნა ამ პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ამჟამად, კომპანიის საკუთრებაშია კურორტ შოვის ტერიტორიაზე მდებარე კომპლექსი „პანსიონატი მამისონი", რომლის რეკონსტრუქცია თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობის პროექტის ნაწილია. პრემიერ-მინისტრმა ყაზახ ინვესტორს საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის სივრცითი მოწყობის კომპონენტის ნაწილში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც რეგიონებთან წვდომის გამარტივებასა და ეკონომიკის განვითარებას ისახავს მიზნად. 

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.