ამინდის პროგნოზი

"ჩემი საბოლოო მიზანია არა მხოლოდ ევროპული სკოლის გახსნა, არამედ ევროპული სტუდენტური ქალაქის დაარსებაც"

 
06 May, 2017   3 წელი 4 თვის წინ
 
705

თბილისში ევროპული სკოლა 2018 წლის შემოდგომაზე გაიხსნება, - ამის შესახებ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და სკოლის დაარსების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

"უნდა ვახსენო ჩვენი ერთობლივი პროექტი, რომლის შესახებ მე და პრემიერ-მინისტრმა დღეს გავაკეთეთ განცხადებები. ლაპარაკია ევროპული სკოლის შესახებ, რომელიც გაიხსნება თბილისში. ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირადად ჩემთვის. მისი მიზანია განათლებისა და ადამიანის პიროვნული განვითარების ხელშეწყობა მაღალი დონის განათლების მიწოდების გზით სტუდენტებისთვის საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებიდან. ევროპული სკოლა პოპულარიზაციას გაუწევს ევროპულ ღირებულებებს, ასევე ხელს შეუწყობს თანამშრომლობასა და ურთიერთგაგებას რეგიონში. ეს სკოლა უახლოეს მომავალში გაიხსნება, რათა მისმა სტუდენტებმა ახალ საფეხურზე აიყვანონ ევროკავშირის 60-წლიანი ისტორია და საქართველო-ევროკავშირის 20-წლიანი ურთიერთობები. ეს არის ჩვენი მიზანმიმართულების გამოხატვის საუკეთესო გზა. ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ მისი გახსნა 2018 წლის შემოდგომაზე.

ჩემი საბოლოო მიზანია არა მხოლოდ ევროპული სკოლის გახსნა, არამედ ევროპული სტუდენტური ქალაქის დაარსებაც, რომელიც თავს მოუყრის ყველა შესაბამის დაწესებულებას, დაწყებული საბავშვო ბაღით და დამთავრებული უნივერსიტეტით. კიდევ ერთი დეტალი: ეს ევროპული სკოლა თბილისში იქნება ამ ტიპის პირველი პროექტი მსოფლიოს მასშტაბით. ასე რომ, საქართველოში ამ პროექტის წარმატებით განხორციელება შედეგად მოიტანს მსგავსი წამოწყებების განსახორციელებლად ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველო, მისი წარმატებების გათვალისწინებით, საუკეთესო ადგილია ასეთი საპილოტე პროექტის განსახორციელებლად,"-განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება მისასალმებელი სიტყვით ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.