ამინდის პროგნოზი

ფოთში კოღოების წინააღმდეგ ქიმიური წამლობის ღონისძიებები მიმდინარეობს

 
24 July, 2015   5 წელი 2 თვის წინ
 
449

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან  ერთად, ქალაქ ფოთში კოღოების წინააღმდეგ ქიმიური წამლობის ღონისძიებებს ახორციელებს.

ღონისძიებების  მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე ადგილზე გაეცნენ.

„კოღოების წინააღმდეგ ქიმიური წამლობა სისტემატურად განხორციელდება მანამ, სანამ ამ მიმართულებით მოსახლეობის პრობლემა  არ მოგვარდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ თანმიმდევრულები. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქიმიური წამლობისთვის გამოყენებულია პრეპარატები, რომლებიც  ადამიანისა და გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სამსახურმა თერმული ნისლით და ბიოლოგიური პრეპარატით 612  ჰა (ფოთი, ურეკი, შეკვეთილი, ქობულეთი, ბათუმი) ფართობი უკვე დაამუშვა.

ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავდა  წყალსატევები და დაჭაობებული ადგილები (ბათუმში - 16 ჰა, ფოთში - 40 ჰა), სადაც კოღოს მატლების გავრცელება მასობრივად აღინიშნებოდა.

ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში პირველად გამოყენებულია ამერიკული წარმოების ბიოინსექტიციდი „ვეკტობაკი“, რომელიც სპეციალურად შექმნილია წყლის ზედაპირზე კოღოს მატლების გასანადგურებლად  და ეფექტიანია 20-30 დღის განმავლობაში. პრეპარატი რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და უსაფრთხოა ადამიანების, ცხოველების,  თევზებისა და ფუტკრებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კოღოების საწინააღმდეგო წამლობა განახორციელა სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, სადაც 1200 ჰა ფართობი შეიწამლა.