ამინდის პროგნოზი

საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

 
14 January, 2016   4 წელი 8 თვის წინ
 
349

დღეს საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. სახელმწიფო დროშა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან 08:00 საათზე აღმართეს.

საქართველოს დროშის დღე ბათუმშიც აღინიშნა. ბათუმის საზღვაო აკადემიის და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გმირთა საფლავებთან შეიკრიბნენ და საქართველოს ჰიმნის თანხლებით საქართველოს დროშა აღმართეს. 

„სახელმწიფო სიმბოლიკა და ასეთი დღეების აღნიშვნა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა თამუნა სურმანიძემ.

კახეთში, 11:00 საათზე ლაგოდეხის გამგეობასთან, თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს დროშა ჰიმნის ფონზე აღმართეს.  საზეიმო ღონისძიებას ლაგოდეხში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კახეთში ღონისძიება ახმეტაშიც გაიმართა.

საქართველოს დროშის დღე ახალციხეშიც აღნიშნეს, ყაზბეგში და მარნეულში ახალგაზრდებმა დროშა იუსტიციის სახლებთან აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.

სტუდენტებმა სახელმწიფო დროშები შინდისში, გმირთა მემორიალთან და ბოლნისში გამგეობის შენობასთანაც აღმართეს.

სტუდენტები რეგიონებიდან თბილისში 15:00 საათზე ჩამოვლენ და საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან.

ახალგაზრდებს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს და სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

სპეციალურად ამ დღისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელსაც საპატიო ყარაული სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე აღმართავს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება.

სახელმწიფო დროშის დღე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით აღინიშნება.