ამინდის პროგნოზი

"დროშას აღვმართავთ იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს - ჩვენ თავისუფალი ხალხისგან შემდგარი თავისუფალი ქვეყანა ვართ!"

 
14 January, 2016   4 წელი 8 თვის წინ
 
432

დღეს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

გიორგი მარგველაშვილი დღეს 100 სტუდენტს შეხვდა, რომლებმაც საქართველოს 9 რეგიონში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს და დროშები სასახლეში ჩამოიტანეს.

პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა სტუდენტებს, მადლობა გადაუხადა მათ, დროშის დღე მიულოცა და სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, დავამზადეთ ეროვნული დროშის ორიგინალი. ორიგინალი, რომელიც დღეიდან საქართველოს გერბთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში იქნება დაბრძანებული.

„დღეს, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, ჩვენ ბუნებრივია პირველ რიგში პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დროშისთვის ეწამა და სისხლი დაღვარა, ვინც ჩვენი სამშობლოსთვის დაიღუპა მრავალი საუკუნეების განმავლობაში, ვინც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის. მარადიული ხსოვნა მათ ნათელ სახელებს!

ჩვენი დროშა ისტორიული სიმბოლოკის და ისტორიული გმირობის მატარებელია, მაგრამ არამხოლოდ წარსულისკენაა მიმართული, არამედ მიმართულია მომავლისკენ, რადგანაც როდესაც ჩვენ ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო სიმბოლოს ირგვლივ ვერთიანდებით, ჩვენ ყველა ვფიქრობთ იმ გამარჯვებებზე, რომელსაც ჩვენ მომავალში მოვიმკით.

ჩვენ ყველა ვფიქრობთ იმ წარმატებებზე, რომლებიც ჩვენ მრავალსაუკუნოვან ერს უწერია. ჩვენ უბრალოდ აბსტრაქტულად კი არ ვცემთ პატივს სახელმწიფოებრივ სიმბოლოებს, ან სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, არამედ ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის ინსტრუმენტები ჩვენი მთავარი მიზნების განსახორციელებლად, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მისაღწევად.

დროშას აღმართავენ მაშინ, როდესაც სულს სწყურია თავისუფლება! დღეს, როდესაც ჩვენ აღვმართავთ ამ დროშას, ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას და ჩვენს თავისუფლებას.

ჩვენ აღვმართავთ ამ დროშას იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ თავისუფალი ხალხისგან შემდგარი თავისუფალი ქვეყანა ვართ და მეტიც, მზად ვართ დავიცვათ ეს თავისუფლება.

ამიტომ დღეს ამ დროშის ირგვლივ გაერთიანებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს გილოცავთ. გილოცავთ იმ მომავალ გამარჯვებებს, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწევთ.

ჩვენ ერთი წარსული გვაქვს, ერთი ქვეყანა გვაქვს და გვაქვს ამ ქვეყნის დიდი მომავალი, ამიტომ დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც ქვეყნის შიგნითაა და ქვეყნის გარეთ. გილოცავთ დროშის დღეს და გისურვებთ ბედნიერებას.

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თავდაცვის სამინისტროს თეთრჩოხიანმა, საპატიო ყარაულმა პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშის ორიგინალი აღმართეს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალურად ამ დღისათვის დამზადდა და დღეიდან საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება.

თბილისში ჩამოსვლამდე სტუდენტები საქართველოს 9  რეგიონში შეიკრიბნენ და დროშის დღე აღნიშნეს.

სახელმწიფო დროშა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან 08:00 საათზე აღმართეს.

საქართველოს დროშის დღე ბათუმშიც აღინიშნა. ბათუმის საზღვაო აკადემიის და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გმირთა საფლავებთან შეიკრიბნენ და საქართველოს ჰიმნის თანხლებით საქართველოს დროშა აღმართეს.

„სახელმწიფო სიმბოლიკა და ასეთი დღეების აღნიშვნა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა ერთერთმა სტუდენტმა თამუნა სურმანიძემ.

კახეთში, 11:00 საათზე ლაგოდეხის გამგეობასთან, თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს დროშა ჰიმნის ფონზე აღმართეს.  საზეიმო ღონისძიებას ლაგოდეხში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კახეთში ღონისძიება ახმეტაშიც გაიმართა.

საქართველოს დროშის დღე ახალციხეშიც აღნიშნეს, ყაზბეგში და მარნეულში ახალგაზრდებმა დროშა იუსტიციის სახლებთან აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.

სტუდენტებმა სახელმწიფო დროშები შინდისში, გმირთა მემორიალთან და ბოლნისში გამგეობის შენობასთანაც აღმართეს.

ხუთჯვრიანი დროშის მიღებამდე,  საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში 1918-1921წლებში და 1990 – 2004 წლებში სამფეროვანი დროშა ჰქონდა.

საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა, კი, საქართველოს სახელმწიფო დროშად, 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა.

სწორედ ამ კანონის მიღების დღე, 14 იანვარი დადგინდა სახელმწიფო დროშის დღედ, თუმცა სახელმწიფო დროშის დღე, კანონის მიღების შემდეგ, მხოლოდ ერთადერთხელ, 2012 წელს აღინიშნა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრის და ოთხი მახარობლის სიმბოლური გამოსახულებაა.

ქართული სახელმწიფო დროშის შესახებ ცნობები რამდენიმე ისტორიულ წერილობით წყაროში მოიხსენიება.

დღეისათვის არსებული სახე "გორგასლიან-დავითიანმა" დროშამ სავარაუდოდ, 1320 წელს მიიღო, როდესაც მეფე გიორგი V ბრწყინვალემ 1314-1346 წლებში ეგვიპტის სულთნის წინაშე წარგზავნილი ელჩობის შემდეგ "კლიტენი იერუსალიმისანი" ჩაიბარა.

ამ დროიდან მაცხოვრისა და მახარობლების განმასახიერებელი ხუთნიშნიანი კომპოზიცია უკვე არის საქართველოს სიმბოლო, რასაც ადასტურებს მრავალი საზღვაო რუკა-პორტულანები, სადაც ხუთნიშნიანი კომპოზიცია გამოსახულია პორტულანებზე - ქალაქების თბილისისა და ცხუმის ანუ სოხუმის ციხე-სიმაგრეების თავზე.

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში, საღამოს საზეიმო მიღება გაიმართება.
საზეიმო ღონისძიებაზე და მიღებაზე გამოიფინება პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ წარმოდგენილი შუა საუკუნეების (XIV-XVIსს) პორტოლანები, (საზღვაო რუკები) რომლებზეც საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.

წარმოდგენილ რუკებს შორისაა:

1367 წ. ვენეციელი ძმების ფრედერიკო და დომენიგო პიციგანების)  პორტოლანი, პარმის ბიბლიოთეკა;  დროშა ქ. თბილისის თავზე

1339 კატალონიელი ანჯელინო დულჩერის პორტოლანი პარმის ბიბლიოთეკა დროშა ქ.თბილისის თავზე, დროშა ცხუმის (სებასტოპოლისის)თავზე.

1325 წ. გენუელი პიეტრო ვესკონტეს პორტოლანი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკა; დროშები ქ.სოხუმის და ქ. ფოთის თავზე

1329 -1350 წწ კატალონელი ანჯელინო დულჩერის პორტოლანი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკა; დროშა ქ. სოხუმის თავზე

1447 წ. – კატალონიელი გაბრიელ ვალსეკას პორტოლანი, პარიზის ნაციონალური  ბიბლიოთეკა. დროშა ქალაქ სუხუმის თავზე (სებასტოპოლისი)

1385 წ. – გულიემ სოლერის პორტოლანი, პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკა;  დროშა ქალაქ სუხუმის თავზე (სებასტოპოლისი)

1559 წ. დიეგო ომემის საზღვაო რუკა პარიზის ბიბლიოთეკა; სამეგრელოს სამთავროს დროშა

1561 წ. დიეგო ომემის პორტოლანი. პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკა. სამეგრელოს სამთავროს დროშა.